გორელი ძიუდოისტები ქეთი რობაქიძე (70 კგ.) და იოანე აბალაკი (90 კგ.) თბილისის ჭაბუკთა ევროპის თასის გამარჯვებულები გახდნენ.
ოქროს მედლისთვის ბრძოლაში რობაქიძემ სამი შეხვედრა ჩაატარა. ფინალში საერთაშორისო ფედერაციის დროშით მოასპარეზე ალინა ჩეკმარევა დაამარცხა და ასპარეზობა პირველი ადგილით დაასრულა.
რაც შეეხება იოანე აბალაკს, სპორტსმენმა ოთხ მოწინააღმდეგეს სძლია და ოქროს მედალს დაეუფლა.
შეჯიბრის ბრინჯაოს პრიზიორი გორელი ზურაბ გოგაძე (66 კგ.) გახდა. ძიუდოისტმა პირველი შეხვედრა სომეხ გარიკ მალხაზიანს მოუგო, რის შემდეგაც ვახტანგ ჭიაბერაშვილს დაუპირისპირდა და დამარცხდა. სპპორტსმენი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში გადაერთო, სადაც ყველა შეხვედრა წარმატებით დაასრულა და კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე დადგა.
გამარჯვებულ და საპრიზო ადგილზე გასულ სპორტსმენთაგან ორი - გურამ პაპიტაშვილის სახელობის გორის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის წარმომადგენელია და მათი მწვრთნელი ირაკლი ლომიძეა. იოანე აბალაკი კი ძიუდოს კლუბ „გორიჯვრის“ ძიუდოისტია (მწვრთნელი მალხაზ ავაზნელი).
აღსანიშნავია, რომ საქართველოს კადეტ ძიუდოისტთა ნაკრებმა თბილისის ევროპის თასზე თხუთმეტი მედალი მოიპოვა.