„ველური ბუნების მცველები“ - გორის მუნიციპალიტეტში TikTok გამოწვევა-კონკურსი დასრულდა.
გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს ორგანიზებით დაგეგმილი ორკვირიანი კამპანიის ფარგლებში, ახალგაზრდებმა ბუნების დაცვის თემა ახალ ფორმატში გააჟღერეს. პროექტის მონაწილეებმა სოციალური მედიის მეშვეობით აუდიტორიას აჩვენეს, თუ როგორ უნდა ვიზრუნოთ ბუნებაზე ყოველდღიურად.
კონკურსის შემაჯამებელი ღონისძიება „ლომჭაბუკის“ სკვერში მდებარე ტურისტული საინფორმაციო ცენტრის საკონფერენციო დარბაზში გამართა. ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის ეკო-განათლების სპეციალისტმა ახალგაზრდებს ველური ბუნების მნიშვნელობაზე პრეზენტაცია წარუდგინა.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ რეინჯერებიც, რომლებმაც სკოლის მოსწავლეებს ის აღჭურვილობა გააცნეს, რასაც ყოველდღიურად იყენებენ ტყის მონიტორინგის, ველური ცხოველების კვალის იდენტიფიცირების და გარემოსდაცვითი წესების კონტროლის დროს. საინტერესო თემებზე შედგა დიალოგიც.
რაც შეეხება კონკურსის გამარჯვებულებს, ეკო-გამოწვევაში გამარჯვება წილად ხვდათ:
ბოშურის საჯარო სკოლას - გარემოსდაცვით თემაზე შემოქმედებითი მიდგომის გამოჩენისთვის; გორის მესამე საჯარო სკოლას - მკაფიო ეკო-მესიჯის და მოწოდებისთვის და ქვახვრელის საჯარო სკოლას - ვიდეოს ნახვების და ჩართულობისთვის.
როგორც გორის მუნიციპალიტეტის სააგენტოში აღნიშნეს, გამარჯვებული გუნდები მონაწილეობას მიიღებენ ეკო-ბანაკში, რომელიც ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე ჩატარდება.
შეგახსენებთ, პროექტში მონაწილეობა გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 3-10 წევრისგან შემდგარ გუნდებს (ეკო-კლუბი, სკოლის ჯგუფი, სტუდენტური გაერთიანება) შეეძლოთ.