გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრის საჯარო სკოლაში სააღდგომო გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.
ღონისძიება სკოლის ადმინისტრაციის ორგანიზებით ხვალ, 15 აპრილს, 12:00 საათზე დაიწყება და დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება, სკოლის მოსწავლეების მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნამუშევრები შეიძინოს.
„სააღდგომო გამოფენა-გაყიდვა, ტრადიციულად, მეოთხე წელია, იმართება. გასულ წლებში აღნიშნულ აქტივობას საქველმოქმედო ხასიათი ჰქონდა, ამჯერად ფორმატი შეცვლილია. მონაწილეობას იღებს სამეწარმეო კლუბი „Dreamland“, „ჩვენი სახელოსნო“ და „სკრის საჯარო სკოლის ეკო კლუბი“; შემოსული თანხა მოხმარდება მასალების შეძენას, რათა აღნიშნულ საქმიანობას არ ჰქონდეს ერთჯერადი ხასიათი, თანხის ნაწილი კი გადაეცემათ კომპანიის წევრებს,“ - აღნიშნა სკრის საჯარო სკოლის დირექტორმა ლანა ფერაძემ.
„გორის მაცნე“ ღონისძიების მონაწილეებს და პროექტში ჩართულ პედაგოგებს ესაუბრა:
„მეწარმეობის საფუძვლები წელს პირველად აირჩიეს მოსწავლეებმა არჩევით საგნად. მანამდეც აქტიურად ვმონაწილეობდით სააღდგომო გამოფენა-გაყიდვაში, თუმცა, ამჯერად ჩამოვაყალიბეთ სამეწარმეო კომპანია „Dreamland“-ი, რომელთა წევრებმაც მთელი წლის განმავლობაში თავდაუზოგავად იშრომეს. გაკვეთილების ფარგლებში ჩემმა მოსწავლეებმა საკუთარი ხელით შექმნეს არაერთი ნივთი, რომელიც გათვლილი იყო იმაზე, რომ ეს ცოდნა სამომავლოდ პრაქტიკაში გამოიყენონ, იდეები დამატებით ბიზნესად აქციონ; მათ შეისწავლეს თუ როგორ უნდა დაწერონ ბიზნეს გეგმა, როგორ ჩამოაყალიბონ კომპანია, გადაინაწილონ როლები კომპანიაში, გათვალონ ყველა თაობის მოთხოვნები და თავად მართონ ფინანსები. შედეგი ხვალინდელ გამოფენაზე გამოჩნდება. ვფიქრობ, ნაყოფიერი იყო სამეწარმეო კომპანია „Dreamland“-ის საქმიანობა,“ - აღნიშნა მეწარმეობის კლუბის ხელმძღვანელმა და საგნის მასწავლებელმა ანნა დათაშვილმა.
„ჩვენი სახელოსნოს“ მუშაობის ფარგლებში, კლუბის წევრებმა შეისწავლეს ეპოქსიდის, სკულპტურული თაბაშირის და ცვილის ტექნიკაზე მუშაობა. საკუთარი ხელით დაამზადეს ნივთები, გაუკეთეს ბრენდირება და შეფუთეს. როგორც მოგეხსენებათ, ამ ყველაფერს დიდი ფინანსები სჭირდება, ხოლო ჩვენმა მოსწავლეებმა შეძლეს უსასყიდლოდ დაუფლებოდნენ ცოდნას. ტრადიციულ გამოფენა-გაყიდვას კი სიახლეებით შევხვდებით,“ - განაცხადა „ჩვენი სახელოსნოს“ კლუბის ხელმძღვანელმა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელმა ჟანა კურტანიძემ.
„სკრის საჯარო სკოლაში ეკოკლუბი ტრადიციულად, უკვე მეოთხედ უერთდება სააღდგომო გამოფენა-გაყიდვას. აღნიშნულ გამოფენაზე ეკოკლუბის სახელით გაიყიდება ჯეჯილი. მიღებული თანხა მოხმარდება ამავე კლუბის მიერ შეძენილი ნარგავების მოსავლელად საჭირო ნივთიერებების შეძენას“, - გვითხრა ეკოკლუბის ხელმძღვანელმა და ბიოლოგიის მასწავლებელმა ნინო სარქისიანმა.
რაც შეეხება პროექტში ჩართული მოსწავლეების მოლოდინს, როგორც მათ აღნიშნეს, გამოფენა-გაყიდვისთვის მზადება მნიშვნელოვანი აღმოჩნდა და იმედი აქვთ, რომ საზოგადოება მათ ნამუშევრებს მოიწონებს:
„მეწარმეობის გაკვეთილებზე ერთ-ერთი დავალება სამაგიდო თამაშის შექმნა იყო. კონკურსში ჩემმა იდეამ გაიმარჯვა. შევქმენი თამაში, რომელიც მოთამაშეებს განუვითარებს ფერების აღქმის, ანგარიშის, დაკვირვების, გააზრების უნარებს. ხვალინდელ გამოფენაზე „კურდღლების რბოლა“ გაიყიდება, რაც ძალიან მახარებს და მოტივაციას მაძლევს“, - აღნიშნა მეწარმეობის კლუბის წევრმა სალომე კურტანიძემ.
„გამოფენა-გაყიდვისთვის მზადება თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. როდესაც შენი პროდუქტი გაგაქვს მომხმარებელთან, ძალიან საპასუხისმგებლოა. სამეწარმეო კომპანიის ჩამოყალიბებამ ბევრი რამ გვასწავლა: როგორ უნდა მართო ბიზნესი, როგორ უნდა გაანაწილო ხარჯები, რა უნდა გაითვალისწინო კონკურენტუნარიანი რომ გახდე და ა.შ. დიდი მადლობა ანნა მასწავლებელს“, - გვითხრა სამეწარმეო კომპანიის პრეზიდენტიმა ანანო დვალიძემ.