საზოგადოება
14.04.2025 13:34
ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაციის დროს ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით განაცხადები დღეიდან მიიღება

2025 წლის ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაციის დროს ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით განაცხადები დღეიდან, 14  აპრილიდან  14 მაისის 18:00 საათამდე მიიღება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დარეგისტრირებულ  გამოსაცდელებს, რომელთაც 2025 წლის ერთიან ეროვნულ, საერთო სამაგისტრო, საგნის/უფროსი სპეციალური მასწავლებლის/საბაზო პროფესიული უნარების გამოცდებსა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე თანხა ზედმეტად გადაიხადეს, მისი დაბრუნების თაობაზე განაცხადის წარმოდგენა შეუძლიათ  სპეციალური პროგრამის გამოყენებით,  რომელიც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზეა მითითებული.

როგორც ცენტრში აცხადებენ, საფასური სრულად ბრუნდება: თუ 2025  წლის გამოცდებში მონაწილეობისთვის დარეგისტრირებულმა პირმა რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე წერილობით განაცხადა უარი გამოცდებში მონაწილეობის მიღებაზე; პირმა გადაიხადა თანხა და არ გაიარა რეგისტრაცია; საფასური გადახდილია რეგისტრაციისთვის განსაზღვრულზე მეტი ოდენობით, გადამხდელს უბრუნდება სხვაობა გადახდილ თანხასა და საფასურის დადგენილ ოდენობას შორის.

„იმ შემთხვევაში, თუ პირმა გადაიხადა რეგისტრაციის საფასური, მაგრამ არ დარეგისტრირდა, უნდა შეავსოს ამობეჭდილი განაცხადის ფორმა და წარმოადგინოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში  (მისამართი: თბილისი, ე. მინდელის ქუჩა N9), ხოლო რეგიონებში - საგანმანათლებლო რესურსცენტრებში, რომლებიც შემდგომ უზრუნველყოფენ განცხადებების გადმოგზავნას დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის (eflow) გამოყენებით.

რაც შეეხება დოკუმენტებს, განცხადებას უნდა დაერთოს გამოსაცდელის/გადამხდელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი სხვა პირია - წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (მინდობილობა, ან მშობლის შემთხვევაში, არასრულწლოვანი პირის დაბადების მოწმობა);

ბანკის მიერ გაცემული საბანკო რეკვიზიტები, სადაც მითითებული იქნება ბანკის კოდი, ანგარიშის ნომერი და ანგარიშის დასახელება, აგრეთვე, ანგარიშის მფლობელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

გაითვალისწინეთ, რომ თანხა თქვენ მიერ მითითებულ ანგარიშზე ჩაირიცხება განცხადებების მიღების დასრულებიდან ერთი თვის ვადაში“, - აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

კვირის ამბები