გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტში ტემპერატურის მკვეთრად კლება მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება.
სინოპტიკოსების პროგნოზით, დღეს, 11 აპრილს ტემპერატურა დღისით +6 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი მოსალოდნელია -1 გრადუსი.
ამინდის არსებული პროგნოზის ფონზე, ფერმერები გარკვეული რისკების წინაშე დგანან, - ამის შესახებ ,,გორის მაცნესთან“ სოფლისა და სოფლის მეურნეობის სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელმა მამუკა ლომსაძემ განაცხადა.
,,სამწუხაროდ, ამჟამად არსებული პროგნოზით, აპრილში, სოფლის მეურნეობისთვის კეთილსაიმედო ამინდი არ არის ნავარაუდევი, -2 გრადუსი დაფიქსირდა წუხელაც. მოგეხსენებათ, უკვე დაწყებულია ყვავილობა, ტემპერატურის ასეთი მკვეთრად დაცემა კი ხეხილს არ წაადგება და, ბუნებრივია, სოფლის მეურნეობაში გარკვეულ რისკებს ქმნის. რაც შეეხება იმას, დაზიანდა თუ არა ხეხილის მოსავალი, ამ დროისთვის გაყვავებულია კურკოვანი ხილი - ატამი, ქლიავი, ბალი, გარგარი, ტყემალი, მომდევნო დღეებში დათბება და გამოჩნდება ავნო თუ არა ყინვამ. სამწუხაროდ, რაიმე ეფექტური პრევენციული ღონისძიება ყინვისგან დასაცავად არ არსებობს. შედარებით გვიან აყვავდება ვაშლი და იმედი ვიქონიოთ, რომ იმ პერიოდისთვის სიცივე აღარ იქნება“, - აღნიშნა მამუკა ლომსაძემ.