გამოსაცდელებს, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებზე უკვე გაიარეს რეგისტრაცია, მაგრამ სურვილი აქვთ, ჩასაბარებელი საგანი/საგნები (შეცვლა/დამატება), ან გამოცდის ენა და საგამოცდო ქალაქი შეცვალონ, მათ ამ ცვლილების განხორციელება დღეს, 10 აპრილის 18:00 საათამდე შეეძლებათ.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, იმ დარეგისტრირებულმა გამოსაცდელებმა, რომლებსაც ესაჭიროებათ სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა და რეგისტრაციის დროს მონიშნეს - „სპეციალური პირობები“, 10 აპრილის 18:00 საათამდე უნდა წარადგინონ შესაბამისი ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა N100) შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მის.: თბილისი, ე. მინდელის N9), რეგიონებში კი ადგილობრივ საგანმანათლებლო რესურსცენტრში.
„თუ გამოსაცდელებმა გადაიხადეს რეგისტრაციის საფასური 2 აპრილის 18:00 საათამდე, მაგრამ ვერ მიიყვანეს რაიმე მიზეზით რეგისტრაციის პროცესი ბოლომდე, მათ ეძლევათ საშუალებას 10 აპრილის 18:00 საათამდე დაასრულონ რეგისტრაცია.
10 აპრილის 18:00 საათის შემდეგ კი, მხოლოდ აბიტურიენტებს ექნებათ საშუალება აირჩიონ, წაშალონ ან გადაანაცვლონ საგანმანათლებლო პროგრამები. ეს პროცესი კიდევ რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდება და აპელაციის შედეგების გამოქვეყნების მომდევნო დღეს დასრულდება“, - ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.