საზოგადოება
10.04.2025 12:56
სამგზავრო გადაყვანისთვის ნებართვის აღება იუსტიციის სახლებშია შესაძლებელი

რეგისტრირებულმა მეწარმეებმა, რომლებიც რეგულარულად ახორციელებენ სამგზავრო გადაყვანას ერთი მუნიციპალიტეტიდან მეორეში (გამონაკლისია თბილისსა და რუსთავს შორის მგზავრთა გადაყვანა) სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მისაღებად იუსტიციის სახლებს უნდა მიმართონ.

მომხმარებლლებს განაცხადის გაკეთება იუსტიციის სახლის 124 ფილიალსა და მობილურ იუსტიციის სახლებში შეუძლიათ.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ნებართვის მიღება შეუძლიათ როგორც უფლებამოსილ, ასევე მინდობილ პირებს.

რაც შეეხება საჭირო დოკუმენტებს, აუცილებელია განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (მინდობილი პირის შემთხვევაში); სატრანსპორტო საშუალების ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა საწარმოს ხელმძღვანელი პირ(ებ)ის ნასამართლობის შესახებ; დირექტორის მიერ ხელმოწერილი მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დეკლარაცია და მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ნებართვა გაიცემა 3 წლის ვადით.

შეგახსენებთ, საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, საერთაშორისო არარეგულარული სამგზავრო და ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანისთვის ნებართვის აღება 1-ელი მარტიდან სავალდებულო გახდა.

კვირის ამბები