საზოგადოება
08.04.2025 16:27
ცესკო საუბნო საარჩევნო კომისიების პოტენციური საკადრო რესურსის გადამზადებას იწყებს

ცენტრალური საარჩევნო კომისია, სწავლების ცენტრთან ერთად, სასწავლო პროექტის -„საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები“ განხორციელებას იწყებს.

ცესკოს ინფორმაციით, აღნიშნული პროექტი, საქართველოს მასშტაბით, ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავს და მიზნად ისახავს საუბნო საარჩევნო კომისიების პოტენციური საკადრო რესურსის გადამზადებას, შემდგომში საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ კვალიფიციური საარჩევნო ადმინისტრატორების შერჩევის ხელშეწყობის უზრუნველსაყოფად.

რაც შეეხება მონაწილეობას, კურსის გავლა შეუძლია საქართველოს მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან, ხოლო პროექტში მონაწილეობის მსურველი სასწავლო კურსზე უნდა დარეგისტრირდეს სპეციალური ელექტრონული პლატფორმის (konkursi. cec. gov. ge) საშუალებით დღეიდან, 8 აპრილიდან 17 აპრილის 18:00 სთ-მდე (დასვენების დღეების ჩათვლით); შევსებულ აპლიკაციას თან უნდა დაერთოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა, პასპორტი) ფოტოასლი.

პროექტში მონაწილეობის მსურველს აქვს, ასევე შესაძლებლობა, სასწავლო კურსზე რეგისტრაციის მიზნით მოთხოვნილი აპლიკაცია და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ფოტოასლი წარადგინოს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში 8 აპრილის 10:00 საათიდან 17 აპრილის 18:00 საათამდე (დასვენების დღეების გარდა).

„სასწავლო კურსს სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებული ტრენერები განახორციელებენ. კურსისთვის შემუშავებული სამდღიანი პროგრამის ფარგლებში, მონაწილეები მიიღებენ სპეციალიზებულ ცოდნას ძირითად საკითხებზე: 2025 წლის ოქტომბერში გასამართი მუნიციპალიტეტების ორგანოთა არჩევნების სისტემის მიმოხილვა; არჩევნების მოდერნიზაციის ტენდენციები და კენჭისყრის ადმინისტრირების პროცესში საარჩევნო ელექტრონული აპარატების მართვა; საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ ამომრჩევლისთვის ხმის მიცემის პროცესში განსახორციელებელი სერვისი; ინკლუზიური საარჩევნო გარემოს მნიშვნელობა და საარჩევნო აპარატების გამოყენებით კენჭისყრის პროცესში შშმ ამომრჩევლების დამოუკიდებლად მონაწილეობის ხელშეწყობა; საარჩევნო უბანზე ხმების დათვლის პროცედურა და კენჭისყრის შედეგების შეჯამება; საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირები და მათი როლი დემოკრატიული არჩევნების ჩატარების უზრუნველსაყოფად“, - ნათქვამია ცესკოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კვირის ამბები