საზოგადოება
08.04.2025 15:41
სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, არ შეიძინონ კვერცხი და ხორცპროდუქტები ისეთ სავაჭრო ადგილებში, სადაც ჰიგიენური ნორმები და რეალიზაციის პირობები დაცული არ არის.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული ხორცის და ცხოველური წარმოშობის სხვა პროდუქტებისგან (რძე, ყველი, თევზი, კვერცხი და ა. შ) ადამიანის დაავადების რისკი საკმაოდ მაღალია. ამიტომ მომხმარებელს აქვს უფლება, ფლობდეს უტყუარ და ამომწურავ ინფორმაციას სამომხმარებლო ბაზარზე განთავსებული სურსათის შესახებ.

„ხორცის შეძენისას ყურადღება მიაქციეთ შენახვის და განთავსების პირობებს - ხორცი უნდა ინახებოდეს სუფთა, დახურულ მაცივარში, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით - 2-დან 6-გრადუსამდე; შენახვის ვადა 48 საათია.

გასაყიდი ხორცის ეტიკეტზე კი დატანილი უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: იმ ქვეყნის დასახელება, სადაც მდებარეობს სასაკლაო; სასაკლაოს აღიარების ან პირობითი აღიარების ნომერი, სადაც დაიკლა ცხოველი; ხორცის დამზადების თარიღი და საათი.

თუ ხორცი მიღებულია საქართველოში დაბადებული, გაზრდილი ცხოველისგან („წარმოშობა − საქართველო"), ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს ცხოველის საიდენტიფიკაციო საყურე ნიშნის ნომერი; თუ ხორცი იმპორტირებულია, ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს იმპორტიორი ქვეყნის დასახელება;

სხვადასხვა წარმომავლობის ხორცი (საქონელი, ცხვარი, ღორი, თხა) მაცივარში განცალკევებით უნდა იყოს განთავსებული. ასევე, ცალ-ცალკე უნდა განთავსდეს სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტირებული ხორცი;

ეტიკეტი გამოკრული უნდა იყოს თვალსაჩინო ადგილას იმ მაცივარზე, რომელშიც ხორცი ინახება.

რაც შეეხება კვერცხს, შეძენისას ყურადღება მიაქციეთ შენახვისა და რეალიზაციის პირობებს, ვარგისიანობის ვადას, ეტიკეტს, რომელზეც დატანილი უნდა იყოს ინფორმაცია კვერცხის წარმოშობის ქვეყნისა და წარმოების თარიღის შესახებ“, - ნათქვამია რეკომენდაციაში რომელსაც სეს-ი მოსახლეობას სთავაზობს.

კვირის ამბები