პროფესიული გადამზადების საგანმანათლებლო პროგრამა „ტყის ინვენტარიზაცია და ტაქსაცია“ დაიწყო.
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მსურველთათვის სწავლა უფასოა და მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სატყეო ან/და მომიჯნავე სფეროში ბაკალავრის ხარისხის მქონე პირებს.
ცენტრის ინფორმაციით, პროგრამის მიზანია ტყის ტაქსაციის სპეციალისტების (მეტყევე-ტაქსატორი) მომზადება, რომლებიც განახორციელებენ ტყის ინვენტარიზაციის საველე სამუშაოებს და სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ შეძლებენ: ტყეში აზომვითი და შეფასებითი სამუშაოების ჩატარებას; მონაცემთა შეკრებას, დამუშავებას, ელექტრონულ პროგრამაში ასახვასა და ანალიზს; მონაწილეობას სატყეო ღონისძიებების (ტყითსარგებლობის, ტყის მოვლა-აღდგენის და სხვა) დაგეგმვას და ტყის მართვის გეგმების მომზადებაში.
„პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულები მიიღებენ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს და დასაქმდებიან ეროვნულ სატყეო სააგენტოში.
რაც შეეხება მონაწილეობას, მსურველთა რეგისტრაცია 10 აპრილის ჩათვლით შესაძლებელია ვებგვერდზე: // bit. ly/ 3o56Vw J. სასწავლო პროცესი კი 16 აპრილს იწყება, ხანგრძლივობა შეადგენს 12 კვირას და მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს“, - აცხადებენ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში.
ცნობისთვის, პროგრამას - „ტყის ინვენტარიზაცია და ტაქსაცია“ ახორციელებს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან თანამშრომლობით, პროფესიული უნარების სააგენტოს, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.