რძესა და რძის პროდუქტებში აღმოჩენილ დარღვევებთან დაკავშირებით და საზოგადოების მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე, სურსათის ეროვნული სააგენტო, განმარტავს, რომ უწყება რეგულარულად აკონტროლებს აღნიშნული პროდუქტების მწარმოებლებს.
სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული გეგმური ინსპექტირებით, რძის პროდუქტების მწარმოებლები წელიწადში 8-10-ჯერ მოწმდება.
„საწარმოო პროცესის შემოწმებასთან ერთად, კონტროლდება, ასევე, ბაზარზე განთავსებული ყველა დასახელების რძის ნაწარმი. სააგენტო ყოველწლიურად სხვადასხვა დასახელების სურსათში, მათ შორის, ნედლ რძეში იკვლევს ნარჩენებს. კვლევის შედეგები ყველასთვის ხელმისაწვდომია ჩვენს ვებგვერდზე, სადაც სახელმწიფო კონტროლის შედეგებში, მონიტორინგის ცხრილში შეგიძლიათ გადაამოწმოთ ნარჩენებზე გამოკვლეული სურსათისა და თქვენთვის საინტერესო წარმოების კონტროლის შედეგები.
გარდა იმისა, საფრთხის ანალიზის და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის (HACCP) დანერგვა ნედლი რძის გადამამუშავებელი საწარმოებისთვის 2015 წლიდან სავალდებულოა.
HACCP-ის სისტემა სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფის ერთ-ერთი ეფექტიანი საშუალებაა, რომლითაც შესაძლებელია, ბიზნესოპერატორებმა თავიდან აიცილონ პოტენციური საფრთხეები“, - განმარტავენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.