საზოგადოება
07.04.2025 16:03
პოლიტიკური პარტიები უცხოური ორგანიზაციების მხარდაჭერით ლექციის, სემინარის ან სხვა მსგავსი საჯარო ღონისძიების მოწყობას ვეღარ შეძლებენ

საქართველოს პარლამენტს დაჩქარებული წესით წარედგინა განსახილველად კანონში ცვლილებები „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“, რომლის ამოქმედების შედეგად, საერთაშორისო ორგანიზაციებს პოლიტიკურ პარტიებისთვის ლექციების, სემინარების და სხვა საჯარო ღონისძიებების მოწყობის შესაძლებლობა აღარ ექნებათ.

აღნიშნული ცვლილების თანახმად, უცხოური ორგანიზაციების მხარდაჭერით, პოლიტიკური პარტიები და გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირები ლექციის, სემინარის ან სხვა მსგავსი საჯარო ღონისძიების მოწყობას ვეღარ შეძლებენ.

კანონპროექტის ინიციატორია ფრაქცია „ქართული ოცნება“.

ინფორმაციისთვის, ამჟამად მოქმედი კანონის თანახმად, პოლიტიკური პარტიებისთვის დაუშვებელია შემოწირულების მიღება საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირისგან და საქართველოში ან საქართველოს ფარგლების გარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირის ან პირთა სხვა სახის გაერთიანებისგან.

კანონით გათვალისწინებული შეზღუდვები საერთაშორისო ორგანიზაციებსა და იმ იურიდიულ პირებზე არ ვრცელდება, რომელთა მიზანი პარტიების ინსტიტუციური განვითარებაა.

კვირის ამბები