საზოგადოება
07.04.2025 11:56
გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით, მოსწავლეებთან გამართული შეხვედრები დასრულდა

გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეებთან გამართული შეხვედრები დასრულდა.

ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის განყოფილების ორგანიზებით, კვირეულის ფარგლებში, 10-მდე საჯარო სკოლის 150-მდე მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.

როგორც გორის განვითარების სააგენტოში აცხადებენ, შეხვედრების მიზანს ახალგაზრდებისთვის ტყის მნიშვნელობის გაცნობა და მათში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა.

„მოსწავლეებმა გაიგეს, რომ ტყე არ არის მხოლოდ ხეების ერთობლიობა, ის წარმოადგენს ეკოსისტემის ფუძეს და ასრულებს ისეთ უამრავ მნიშვნელოვან ფუნქციას, როგორიცაა ჰაერის ფილტრაცია, მტვრის შემცირება, ნახშირორჟანგის შთანთქმა და ჟანგბადის გამოყოფა. ეს ყველაფერი კი, პირდაპირ მოქმედებს ადამიანის ცხოვრების ხარისხზე.

უნდა აღინიშნოს, რომ ტანის ხეობისთვის ტყეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს: ის ქმნის ადგილობრივ მიკროკლიმატს, აუმჯობესებს ჰაერის ტენიანობას და სიმშრალეს, დადებითად მოქმედებს ჯანმრთელობაზე, აძლიერებს ლანდშაფტურ სილამაზეს და იძლევა ეკო ტურიზმის განვითარების შესაძლებლობას“, - აცხადებენ სააგენტოში.

ცნობისთვის, დაცული ლანდშაფტის მართვის ქვეშ არსებული ტყე 14 000 ჰექტარ ფართობს მოიცავს.

ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის განყოფილება, აღნიშნულ ტყეს მუნიციპალიტეტის დელეგირებული უფლებამოსილებით 2023 წლიდან მართავს.

კვირის ამბები