გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში უახლესი თაობის დენსიტომეტრი ამოქმედდა.
მედიკოსების თქმით, დენსიტომეტრია ოსტეოპოროზის დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტად აღიარებული კვლევაა, რომელითაც შესაძლებელია ძვლის მინერალური სიმკვრივის შეფასება და ოსტეოპოროზის ადრეულ სტადიაში გამოვლენა.
ოსტეოპენიის ადრეულ ეტაპზე გამოვლენა და დროული მკურნალობა მნიშვნელოვნად ამცირებს ოსტეოპოროზის განვითარების რისკს და გართულებებს.
„დენსიტომეტრია სრულიად უსაფრთხო და ინოვაციური კვლევაა, რომლის ჩატარებაც რეკომენდებულია: 45 წლიდან ყველა ქალის და 60 წლიდან ყველა მამაკაცისათვის; მოტეხილობებისას; ენდოკრინოლოგიური და რევმატოლოგიური დაავადებებისას; კვებითი დარღვევებისას; მენოპაუზის პერიოდის ყველა ქალბატონისათვის; კალციუმის, D ვიტამინისა და ცილის შემცველი საკვების არასაკმარისი მოხმარებისას; ნიკოტინის, ალკოჰოლისა და ყავის ჭარბი მოხმარებისას, ასევე, ფიზიკური აქტივობის ნაკლებობისას.
დენსიტომეტრი, რომელიც სამხედრო ჰოსპიტალში ფუნქციონირებს, გამოირჩევა მაღალი ხარისხის გამოსახულებით, კვლევის მინიმალური ხანგრძლივობით და სიზუსტით.
კვლევას ატარებს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სერტიფიცირებული ექიმი ენდოკრინოლოგი, ჰოსპიტლის ამბულატორიული სამსახურის უფროსის მოადგილე თეონა ანანიაშვილი“, - აღნიშნულია ჰოსპიტლის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.