ქვეყნის მასშტაბით ქართული სიმღერის კონკურს-ფესტივალი „სხვა საქართველო სად არის“ იწყება.
გორის მუნიციპალიტეტის კულტურის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ვანო მურადელის სახელობის სამუსიკო სკოლაში წინასაფესტივალო შერჩევა და მასტერკლასი ჩატარდა, რომელშიც ინდივიდუალურ შემსრულებლებთან ერთად, მუნიციპალიტეტში არსებული ბავშვთა გუნდები მონაწილეობდნენ.
„ფესტივალის ორგანიზატორები მენტორებთან ერთად, სამი თვის განმავლობაში, საქართველოს რეგიონებში წინასაფესტივალო მოსმენებს ჩაატარებენ, რის შემდეგაც რეგიონული საკონკურსო ტურები გაიმართება. საუკეთესო შედეგების მქონე მოზარდები/სოლისტები და ანსამბლები მარნეულში დასკვნით საკონკურსო ტურში მიიღებენ მონაწილეობას, სადაც ფესტივალის გამარჯვებულები და ლაურეატები გამოვლინდებიან“, - აღნიშნულია კულტურის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ქართული სიმღერის კონკურს-ფესტივალი „სხვა საქართველო სად არის“ მარნეულში 2016 წლიდან იმართება.
ფესტივალის მიზანი ქართული სიმღერის პოპულარიზაციაა, როგორც ქართველ, ასევე ქვეყანაში მცხოვრებ ეთნიკური წარმომავლობის მქონე მოზარდებში.