ახალგაზრდობის სააგენტომ საგრანტო კონკურსი - „ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერება“ გამოაცხადა.
როგორც სააგენტოში აცხადებენ, კონკურსის მიზანია ახალგაზრდების და ახალგაზრდული ორგანიზაციების ხელშეწყობა, რაც არაფორმალური განათლების გზით, ორგანიზაციულ გაძლიერებას და ახალგაზრდებისთვის საჭირო უნარების გადაცემას გულისხმობს.
„საგრანტო პროექტი შედგენილი უნდა იყოს შემდეგი თემატური პრიორიტეტების შესაბამისად: ახალგაზრდების საზოგადოებრივ და დემოკრატიულ პროცესებში მონაწილეობის წახალისება და სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაძლიერება, მათ შორის, მოხალისეობრივი კულტურის განვითარების ხელშეწყობა; მშვიდობის მშენებლობა, კონფლიქტების ტრანსფორმაცია და ინტერკულტურული დიალოგი, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაცია; ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერება, მათ შორის, მეწარმეობის შესახებ ცნობიერების ამაღლება, ახალგაზრდებში სოციალური და დასაქმების უნარების გაძლიერების ხელშეწყობა; არაფორმალური განათლებისა და ახალგაზრდული სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით ახალგაზრდული საქმიანობის განხორციელება; მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის საკვანძო კომპეტენციების გადაცემა; მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერა და ინკლუზია, მათ ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული ინიციატივების განხორციელება, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ან მის მიმდებარედ მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ახალგაზრდული სერვისების შექმნა და განხორციელება.
ასევე, წარმოდგენილი საგრანტო პროექტი, შესაძლოა, მოიცავდეს ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრების გაძლიერებისთვის საჭირო უნარების შეძენის მიზნით შესაბამისი სწავლების/ტრენინგის განხორციელებას.
კონკურსის საერთო ბიუჯეტი 800 000 ლარია. მინიმალური თანხის მოცულობა, რომლის მოთხოვნაც შესაძლებელია ერთი საგრანტო პროექტის დასაფინანსებლად კი შეადგენს 50 000 ლარს, მაქსიმალური - 100 000 ლარს“, - აცხადებენ სააგენტოში.
რაც შეეხება მონაწილეობას, საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს - ახალგაზრდულ ორგანიზაციას, რომლის საქმიანობის სფეროს ახალგაზრდების განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები წარმოადგენს.
საკონკურსო განაცხადების მიღება 11 აპრილის ჩათვლით, ელექტრონულ ფოსტაზე - grants-1@youthagency. gov. ge -ზეა შესაძლებელი.
კონკურსში მონაწილეობის მსურველს დეტალური ინფორმაციის მიღება შეუძლია ახალგაზრდობის სააგენტოს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე.