პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის და პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, ვაჟ ხელბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრები საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ღირსების ორდენებით და ღირსების მედლებით დააჯილდოვა.
საზეიმო ღონისძიება ათონელის საპრეზიდენტო სასახლეში გაიმართა.
ნაკრების წევრების გარდა, დაჯილდოვდნენ მწვრთნელები, პერსონალი და ხელბურთის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელი პირები.
მთავრობის მეთაურმა მათ სახელმწიფო ჯილდოების მიღება მიულოცა, წარმატებები უსურვა და სპორტის მიმართულებით მთავრობის გეგმებზე ისაუბრა.
„30 წელი ველოდებოდით ევროპის ჩემპიონატზე გასვლას და სწორედ თქვენმა თაობამ მიაღწია ამ უდიდეს წარმატებას, რაც მხოლოდ დასაწყისია. ქართულ ხელბურთს აქვს ძალიან დიდი ტრადიციები, რასაც ჩვენი ხელბურთის შემდგომი წარმატება უნდა დაეფუძნოს. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და ამოცანაა, ხელი შევუწყოთ სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას. სპორტის წარმატებასთან ერთად, იზრდება ინტერესი სპორტის მიმართ, განსაკუთრებით ბავშვებში, რითაც მოხარული ვარ, თუმცა, ჯერჯერობით, ჩვენი ინფრასტრუქტურა ვერ პასუხობს ამ მზარდ მოთხოვნას. ჩვენ უკვე დავაანონსეთ 2-მილიარდიანი პროექტი, რომლის ფარგლებშიც შეიქმნება სრულიად ახალი ინფრასტრუქტურა, რომელიც განკუთვნილი იქნება როგორც მაღალი მიღწევების, ასევე მასობრივი სპორტისთვის. ამ პროექტის ფარგლებში, ხელბურთის განვითარებას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.