

ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტად თემურ ხუბულური დაინიშნა.
აღნიშნულ თანამდებობაზე ხუბულური მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში იმუშავებს.
როგორც ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა განაცხადა, მისი საქმიანობის ძირითადი მიზანი ქართული ჭიდაობის პოპულარიზაცია იქნება.
„ჩემთვის დიდი პატივია ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტობა. მთავარი ამოცანაა, აღნიშნული სპორტის სახეობა მაქსიმალურად პოპულარული და მასობრივი გახდეს, ამასთან, საერთაშორისო აღიარება მოიპოვოს. გავაკეთებ ყველაფერს იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ ჩვენი მომავალი თაობის ფიზიკურ და სულიერ აღზრდას“, - აღნიშნა ხუბულურმა.
თემურ ხუბულური ოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონი, მსოფლიოს და ევროპის ორგზის ჩემპიონია. 1976 წელს კი საქართველოს აბსოლუტური ფალავანის წოდება მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობას გელა ბერუაშვილი იკავებდა.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.