გორის მუნიციპალიტეტში პროექტი - „მეგობრობა მდინარესთან - ტანა-თეძამის დაცული ლანდშაფტის მდგრადი მომავლისთვის“, განხორციელდება.
გორის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, პროექტი გორის მუნიციპალიტეტში, ტანა-თეძამის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიას მოიცავს, რომელიც უნიკალური ბუნებრივი რესურსებით და ბიომრავალფეროვნებით გამოირჩევა.
ინიციატივის მიზანი კი ტანა-თეძამის დაცული ლანდშაფტის ეკოსისტემის აღდგენა, მდინარეების და წყაროების ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვა და მდგრადი მართვის პრაქტიკების დანერგვაა.
„აღნიშნული პროექტის განხორციელებით ტანა-თეძამის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე გაუმჯობესდება წყლის ხარისხი და მდინარეთა ეკოსისტემები, შემცირდება ეკოსისტემის დეგრადაცია და გაძლიერდება ჰაბიტატების მდგრადობა, მოსახლეობა ჩაერთვება გარემოსდაცვით აქტივობებში, გაიზრდება მათი ცნობიერება და პასუხისმგებლობა, ასევე, გაძლიერდება დაცული ტერიტორიების მართვის ეფექტურობა და განვითარდება ეკოტურიზმის შესაძლებლობები.
სააგენტო გორის მუნიციპალიტეტის და მისი უნიკალური ბუნებრივი გარემოს განვითარებისთვის მუშაობას აქტიურად გააგრძელებს“, - აცხადებენ სააგენტოში.