თებერვლიდან საქართველო ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის ნაწილი გახდა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 1-ელი თებერვლიდან საქართველო შეუერთდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების მე-13 დანართით გათვალისწინებულ- საერთო სატრანზიტო კონვენციას და საქონლით ვაჭრობის ფორმალობების გამარტივების კონვენციას და ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის ნაწილი გახდა.
როგორც უწყებაში აცხადებენ, ევროკავშირის მხარდაჭერით გაწეული ორმხრივი სამუშაოების და ძალისხმევის შედეგად, საქართველოს საბაჟო ადმინისტრაცია რეალურ რეჟიმში, ევროპის ახალ კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის- NCTS-ის მეშვეობით გაცვლის მონაცემებს.
„ეს ნაბიჯი მოჰყვა 2024 წლის 19 დეკემბერს საქართველოს მიერ წარდგენილ თანხმობას კონვენციებზე შეერთების შესახებ. აღნიშნულ კონვენციებში გაწევრიანებით, შესაძლებელი იქნება, საქართველოს საბაჟო ადმინისტრაციაში წარდგენილი ერთი სატრანზიტო დეკლარაციით და ერთი გარანტიით განხორციელდეს ტვირთის გადაზიდვა ევროკავშირისა და საერთო სატრანზიტო კონვენციის წევრ სხვადასხვა ქვეყანაში(დიდი ბრიტანეთი, თურქეთი, ისლანდია, ნორვეგია, სერბეთი, უკრაინა, შვეიცარია, ჩრდილოეთ მაკედონია, საერთო ჯამში36 ქვეყანა), რაც კიდევ უფრო გაზრდის ქვეყნის სატრანზიტო შესაძლებლობებს და ხელს შეუწყობს ტვირთის/საქონლის უსაფრთხო, შეუფერხებელ და სწრაფ გადაადგილებას. ამასთან, საქართველო გახდება იმ სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც ხელს უწყობს საქონლის გადაადგილებას ევროკავშირსა და სხვა მონაწილე ქვეყნებს შორის.
აღსანიშნავია, რომ საზღვრის კვეთის გამარტივებული წესები, ისეთები, როგორიცაა ურთიერთაღიარებული ფინანსური გარანტიები და კონტროლის შემცირება, საგრძნობლად შეუმცირებს დროის/ფინანსურ რესურსს ევროკავშირის, საქართველოს და სხვა მონაწილე ქვეყნების ბიზნეს სუბიექტებს“, - აცხადებენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში.