კონფლიქტები
22.01.2025 20:01
მათ მიმართ არანაირ ზეწოლას და ცუდად მოპყრობას ადგილი არ ჰქონია - უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებული ალექსი მამულიას მეუღლე

ოკუპირებულ ცხინვალში, უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებული ალექსი მამულიას მეუღლის, ნინო ჯმუხაძის ინფორმაციით, მამულია თავს კარგად გრძნობს და მის მიმართ არანაირ ზეწოლას და ცუდად მოპყრობას ადგილი არ ჰქონია.

„ჩემი მეუღლე უკვე გათავისუფლებულია, კომუნიკაცია გვქონდა ტელეფონით, ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება და სულ რაღაც რამდენიმე საათში იქნება ოჯახში შვილებთან ერთად. გათავისუფლებაში ჩართული იყო სახელმწიფო სტრუქტურები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტრო და მადლობა მინდა გადავუხადო მათ. ყველა უწყების კოორდინირებულმა მუშაობამ შედეგი გამოიღო და ჩემ მამიდაშვილთან ერთად, დღეს ჩემი მეუღლე თავისუფალია, უბრუნდებიან ოჯახებს, ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

კარგად გრძნობს თავს, გვაქვს ინფორმაცია, რომ მათ მიმართ არანაირ ზეწოლას და ცუდად მოპყრობას ადგილი არ ჰქონია“, - განაცხადა ნინო ჯმუხაძემ.

ინფორმაციისათვის, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნიქოზის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ალექსი მამულია და ივანე ჯაფიაშვილი თავისუფლები არიან და ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან.

სუს-ის ინფორმაციით, ალექსი მამულიას და ივანე ჯაფიაშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) მიერ ოპერირებადი „ცხელი ხაზი“, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი.

შეგახსენებთ, მამულია და ჯაფიაშვილი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 26 დეკემბერს დააკავეს.

კვირის ამბები