საზოგადოება
28.11.2024 11:35
გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივით, ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა

გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივით, გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის სხდომათა დარბაზში ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტი განიხილეს.

შეხვედრას გორის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები, არასამთავრობო სექტორის, მედიის წარმომადგენლები, სოფლად მცხოვრები ქალები, მათ შორის, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების, ასევე, იძულებით გადაადგილებული პირები, კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის ბენეფიციარები და შშმ პირები ესწრებოდნენ.

2025 წლის ბიუჯეტის დეტალებზე გორის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელმა დალი ტლაშაძემ ისაუბრა.

ტლაშაძის ინფორმაციით, გასულ წლებთან შედარებით, ბიუჯეტი გაზრდილია და დოკუმენტის მიხედვით, პრიორიტეტებად განისაზღვრა შემდეგი მიმართულებები: ინფრასტრუქტურის განვითარება, განათლება, ჯანმრთელობის დაცვა, სოციალური უზრუნველყოფა, კულტურა, ახალგაზრდობა, სპორტი, დასუფთავება, გარემოს დაცვა და ეკონომიკური განვითარება.

როგორც გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ასევე, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრმა ლიანა მამულაშვილმა აღნიშნა, ბიუჯეტის პროექტის განხილვა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში ჩასატარებელი ღონისძიებების პირველი შეხვედრაა, რომელშიც, უმეტესად, ქალები მონაწილეობენ.

„გენდერული თანასწორობის საბჭო მუდმივად ატარებს საინფორმაციო შეხვედრებს ქალებისთვის. ვიკვლევთ იმ პრობლემებს, რომლებსაც ქალები ადგილზე ხვდებიან. შემდეგ გორის მუნიციპალიტეტის სკრებულოს და, ამავდროულად, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის, დავით რაზმაძის მიერ ხდება მუნიციპალიტეტის მერის ინფორმირებულობა და, შესაბამისად, ამ დეტალების ბიუჯეტში გათვალისწინება.

რაც შეეხება აღნიშნულ შეხვედრას, ქალებს მიეცათ საშუალება, დაესვათ კითხვები და მიეღოთ პასუხები, რამდენადაა გათვალისწინებული მათი პრობლემების მოგვარების საკითხები ბიუჯეტის პროექტში“, - აღნიშნა გენდერული თანასწორობის საბჭოს მდივანმა ვერიკო ბიწაძემ.

კვირის ამბები