მე-6, მე-10 და მე-12 კლასების დასრულების შემდეგ გამოცდების ჩატარება იგეგმება - რა სიახლეს გეგმავს განათლების სამინისტრო
ვგეგმავთ, დავნერგოთ სიახლე, ეროვნული შეფასებების დაწყება. ჯერ მე-6 კლასის, ანუ დაწყებითი საფეხურის ბოლოს, ხოლო შემდეგ მე-10 და მე-12 კლასებში, ანუ საბაზო და სრული საშუალო განათლების დასრულების შემდეგ, ყველა მოსწავლის ეროვნული შეფასება მოხდება - გულისხმობს გამოცდის ჩატარებას“, - ამის შესახებ პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფორმატში სიტყვით გამოსვლისას მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრობის კანდიდატმა განაცხადა.
როგორც ალექსანდრე წულაძემ აღნიშნა, სიახლის დანერგვა 2025 წლიდან იგეგმება.
„2025 წლიდან ვგეგმავთ, დავნერგოთ სიახლე - ეროვნული შეფასებების დაწყება. მომდევნო წლებში, ჯერ მე-6 კლასის, ანუ დაწყებითი საფეხურის ბოლოს, ხოლო შემდეგ მე-10 და მე-12 კლასებში, ანუ შემდგომი საფეხურების - საბაზო და სრული საშუალო განათლების დასრულების შემდეგ, ყველა მოსწავლის ეროვნული შეფასება მოხდება, რასაც თავდაპირველ ეტაპზე მხოლოდ განმავითარებელი მიზანი ექნება, ანუ მოსწავლის აკადემიურ შედეგებზე აღნიშნული ქულები არ აისახება და გულისხმობს გამოცდის ჩატარებას. ეს მოგვცემს უმნიშვნელოვანეს და საჭირო ინფორმაციას მთელი სისტემის შესახებ საქართველოს მასშტაბით. როგორც ინდივიდუალური სკოლის მასწავლებლის, ასევე, რეგიონის მასშტაბით თითოეულ საგანთან დაკავშირებით უკუკავშირი იქნება, რა დონეზე ისწავლება, რა გამოწვევებია თითოეულ სკოლაში ან კლასში. აღნიშნული სიახლე ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და დარწმუნებული ვარ, ყველა, ერთობლივად წარმატებულად გავართმევთ თავს“,- განაცხადა მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრობის კანდიდატმა.