საზოგადოება
11.03.2020 13:30
ჯანდაცვის სერვისები გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ონკოლოგიური პაციენტებისათვის
ონკოლოგიურ ავადმყოფებს გორის მუნიციპალიტეტის მერია ჯანდაცვის სერვისებს წელსაც 1100 ლარით დაუფინანსებს. აღნიშნულ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
სამედიცინო კვლევებისათვის გამოყოფილია 300 ლარი, სტაციონარული მკურნალობისთვის - 500 ლარი, ხოლო მედიკამენტებისთვის გამოყოფილი თანხა 300 ლარს შეადგენს. აღნიშნული დახმარება ერთჯერადია.
მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანადაფინანსების მიღება შეუძლია გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ყველა ონკოლოგიურ პაციენტს სოციალური სტატუსის მიუხედავად.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის უფროსის, დავით ჩიხრაძის თქმით, გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ონკოლოგიური პაციენტების რიცხვი დაახლოებით 800-ს შეადგენს და ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა მათთვის სრულიად საკმარისია. თანადაფინანსება მიმართულია ისეთ სერვისებზე, რომელიც არ არის დაფარული ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამებით.
დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა გორის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: განცხადება მერის სახელზე; ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა; ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა #100); ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან; საყოველთაო ჯანდაცვის მიერ გაცემული საგარანტიო ფურცელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
კვირის ამბები