ბევრისთვის აღარ წარმოადგენს სიახლეს, ის ფაქტი, რომ ასაკი გავლენას ახდენს COVID-19-ის ფორმებსა და სიკვდილიანობაზე, თუმცა საინტერესოა, რა გავლენას ახდენს სქესი ამ უკანასკნელზე.
ჩინეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ მამრობითი სქესის წარმომადგენლები ახალი კორონავირუსით სიკვდილიანობის უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან. მართალია, ქალთა და კაცთა ინფიცირების მაჩვენებელი თითქმის თანაბარია, თუმცა სიკვდილიანობა განსხვავდება. კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი მამრობითი სქესის წარმომადგენელთა დაახლოებით 2.8 %-ის შემთხვევაში ფატალურად დასრულდა, ეს მაჩვენებელი კი ქალთა შემთხვევაში, 1.7 %-ს შეადგენს.
აღნიშნულ მაჩვენებლებზე დაყრდნობით, ხშირად, ნახევრადხუმრობით ამბობენ, რომ ახალი კორონავირუსი ფემინისტია.
მეცნიერი და ნიუ იორკ თაიმსის ჟურნალისტი, დონალდ ჯი მაქნეილი ამბობს, რომ გარდაცვლილთა უმეტესობას ჩინეთის მოქალაქე მამაკაცები წარმოადგენენ. ამის მიზეზი კი, სავარაუდოდ, ის არის, რომ ჩინეთის მოქალაქე მამაკაცების დაახლოებით 50-დან 80%-მდე მწეველია, ხოლო ქალების შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი მხოლოდ 2-დან 3%-მდეა. საყურადღებოა, რომ კაცები უფრო ხშირად არიან დაავადებულნი ქრონიკული დაავადებებით, როგორიც არის, მაგალითად, გულსისხლძარღვთა დაავადებები, რაც უარყოფით გავლენას ახდენს COVID-19-ით დაავადების ფორმებზე.
ყურადღება უნდა მიექცეს ბიოლოგიურ ფაქტორებსაც. ქალებს აქვთ უფრო ძლიერი იმუნური სისტემა, რაც განპირობებულია მათში ჰორმონი ესტროგენის არსებობით. ასევე, მეცნიერთა ვარაუდით, სქესის მიხედვით სიკვდილიანობის რაოდენობაზე გავლენას ახდენს, ქალების შემთხვევაში, ორი X ქრომოსომის არსებობა, რომელიც შეიცავს იმუნიტეტთან დაკავშირებულ გენებს.