დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, სკოლებში არდადეგების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრთან არსებული საბჭო მიიღებს და კვირის ბოლოს გახდება ცნობილი.
„სკოლებში სასწავლო პროცესის გაგრძელების საკითხი მიმდინარე კვირის განმავლობაში ეპიდსიტუაციის განვითარებაზეა დამოკიდებული. შესაბამისად, პრემიერ-მინისტრთან არსებული საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას არდადეგების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით და კვირის ბოლოს გაჟღერდება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, ჯანდაცვის უწყებასთან შეთანხმებით, სწავლის პორცესი სკოლებში 2 მარტიდან 16 მარტამდე შეწყვიტა. სააღმზრდელო პროცესი ასევე შეწყვეტილია ბაგა-ბაღებსა და უმაღლეს სასწავლებლებში.