საზოგადოება
23.05.2024 12:57
ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს გრანტები გადაეცემათ

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო.

სააგენტო დაბრუნებულ მიგრანტებს შემოსავლის წყაროს გაჩენის, დასაქმების და თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით, პროექტებს დაუფინანსებს. გრანტის ოდენობას კომისია, წარდგენილი პროექტის შესაბამისად, 6 000 ლარის ფარგლებში განსაზღვრავს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, საკუთარი საქმიანობის წამოწყების თუ გაფართოებისთვის საჭირო ინვენტარს, ტექნიკას თუ ხელსაწყოებს დაბრუნებული მიგრანტები, არსებული ჩამონათვალის გათვალისწინებით, თავად შეარჩევენ.

„პროგრამის მიზანს ემიგრაციიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების რეინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა წარმოადგენს.

პროგრამაში მონაწილეობა საქართველოს მოქალაქეებს (ან მოქალაქეობის არმქონე პირებს საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლებით) შეუძლიათ, რომლებიც საზღვარგარეთ  ერთ წელზე მეტ ხანს არალეგალურად იმყოფებოდნენ, ან ჰქონდათ განაცხადი თავშესაფრის მიღებაზე, ან სარგებლობდნენ თავშესაფრით და სამშობლოში ბოლო 12 თვის განმავლობაში დაბრუნდნენ“, - აცხადებენ უწყებაში.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს განაცხადის გაკეთება სააგენტოს და მის ტერიტორიულ სამმართველოებში შეეძლებათ შემდეგ მისამართებზე: თბილისი, თამარაშვილი ქ.N15ა; გორი, სამების ქ. N1; რუსთავი,  კოსტავას ქ. N20; ქუთაისი, აბაშიძის გამზ. N27; ზუგდიდი, აღმაშენებლის ქ. N106.

საშემოსავლო პროექტების მიღება სააგენტოს და მის ტერიტორიულ სამმართველოებში 5 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

კვირის ამბები