საზოგადოება
10.03.2020 11:19
გაგრძელდება თუ არა არდადეგები საბავშვო ბაღებში

საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირებისა და მიმდინარე პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პროცესი შეჩერებულია. დღეის მონაცემებით, არდადეგები 16 მარტს სრულდება და როგორც სკოლამდელ, ასევე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი განახლდება. მიიღეს თუ არა ახალი რეკომენდაციები და რამდენად მომზადებულია გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტო სწავლის დაწყებისთვის, GMnews სააგენტოს ხელმძღვანელს დაუკავშირდა.

„გორის მუნიციპალიტეტში 62 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება გვაქვს, სწავლის პროცესის შეჩერების შემდეგ, თითქმის ყველა მათგანში მოხდა სანიტარული დამუშავება, ამ დროისთვის, 11 შენობა გვაქვს დარჩენილი, სადაც, ასევე, მიმდინარეობს სამუშაოები და ამ ორი დღის განმავლობაში დასრულდება. რაც შეეხება სწავლის პროცესის განახლების საკითხს, გეტყვით, რომ ამ ეტაპზე დამატებითი რეკომენდაციები არ მიგვიღია და შესაბამისად, ვემზადებით მომავალ ორშაბათს პროცესის განახლებისთვის, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ მდგომარეობა უკეთესობისკენ არ იცვლება, არ გამოვრიცხავ არდადეგების პროცესის გახანგრძლივების რეკომენდაცია კვლავ მივიღოთ“, - განაცხადა GMnews-თან საუბრისას გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ლია კოვზიაშვილმა.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 2 მარტს შეწყდა.

კვირის ამბები