საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, 2024 წლის 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა.
შესაბამისი დადგენილება საკანონმდებლო მაცნეზე 15 მაისს გამოქვეყნდა და მას ხელს საქართველოს-პრემიერ მინისტრი აწერს.
,,საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ორგანოებში (შემდგომში – ადმინისტრაციული ორგანო) დასაქმებულთათვის ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით 2024 წლის 17 მაისი განისაზღვროს უქმე დღედ“, - აღნიშნულია დადგენილებაში.
დადგენილება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე, ასევე, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობაზე.
ამასთან, ადმინისტრაციულ ორგანოს თავად შეეძლება დაუშვას გამონაკლისი და განსაზღვროს იმ სამსახურებისა და თანამშრომლების ჩამონათვალი, რომლებზეც ეს დადგენილება არ გავრცელდება.
შეგახსენებთ, 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ, 2014 წელს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა გამოაცხადა.