კულტურა
15.05.2024 14:48
გორში ზაქარია კაკალაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი კლასიკური გიტარის საღამო გაიმართა

ვანო მურადელის სახელობის გორის სკოლაში კლასიკური გიტარის საღამო გაიმართა.

ღონისძიება ცნობილი მუსიკოსის და გიტარისტის - ზაქარია კაკალაშვილის ხსოვნას მიეძღვნა. გაიხსენეს მუსიკოსის მოსწავლეებიც, რომლებმაც მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს საგიტარო ხელოვნებაში და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მიხეილ კოშკაძის და ცოტნე ბარამიძის ხსოვნას.

კონცერტში კლასიკური გიტარის კონგრესის დამფუძნებლის თამარ გიუნაშვილის კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ბავშვებმა დაუკრეს სოლო ნაწარმოებები, დუეტები, ტრიო. თამარ გიუნაშვილმა და ჯგუფი „კანუდოსის“ ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ღვინიაშვილმა კი საგიტარო დუეტი კორდოსოს „მილონგა“ შეასრულეს. მსმენელს გიტარისტთა ანსამბლმა სტენლი მაიერსის „კავატინა“ შესთავაზა.

„ყველასთვის საყვარელი მუსიკოსისა და გიტარისტის ზაქარია კაკალაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოს მე და მიშიკო კოშკაძე გიტარის კლასის მოსწავლეებთან ერთად ყოველ წელს ვმართავდით.

დღეს 22 ნომერი შეასრულეს გიტარის კლასის ყველა თაობის მოსწავლეებმა და გვინდა, მომავალ თაობებს ახსოვდეთ, საოცრად ნიჭიერი კლასიკოსი გორელი გიტარისტები.

ვაპირებთ, მომავალში ისევ აღსდგეს ეს ტრადიცია და ყოველი წლის მაისში გაიმართოს ნაყოფიერი საღამოები“, - „გორის მაცნესთან“ აღნიშნა თამარ გიუნაშვილმა.
კვირის ამბები