საზოგადოება
14.05.2024 22:02
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ჯიმ ო'ბრაიენს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ჯიმ ო'ბრაიენს შეხვდა. შეხვედრა დაგეგმილი ერთი საათის ნაცვლად, ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა.

როგორც საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელმა განაცხადა, შეხვედრისას, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან ისაუბრა ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ თუ რაიმე შენიშვნები იქნება, მმართველი გუნდი მზადაა დისკუსიისთვის.

„ჩვენ გულწრფელად ვისაუბრეთ ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც საქართველო-აშშ-ის ორმხრივ ურთიერთობებს ეხება. საუბარი იყო იმ პროცესებთან დაკავშირებითაც, რომელიც გასული 3 წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში წარიმართა. ბატონ ო’ბრაიენს ჩვენ განვუმარტეთ ყველაფერი, კიდევ ერთხელ დავადასტურეთ სურვილი და მზაობა, რომ მაქსიმალურად ვიზრუნოთ ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისთვის. ეს არის სურვილი, მთავარია, რომ მეორე მხრიდანაც მივიღოთ სათანადო და სამართლიანი დამოკიდებულება. თუ ასეთი დამოკიდებულება იქნება, ასეთ შემთხვევაში მივაღწევთ წარმატებებს.

ჩვენ ასევე საუბარი გვქონდა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის გავლენის შესახებ“ კანონზე, განვუმარტეთ ყველა დეტალი, რაც ამ კანონთანაა კავშირში და თუ რაიმე შენიშვნები იქნება, ჩვენ კიდევ ერთხელ მზად ვართ დისკუსიისთვის და ეს მზაობა ბატონ ო’ბრაიანსაც დავუდასტურე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კვირის ამბები