ქალაქის ინფრასტრუქტურისა და იერ-სახის გაუმჯობესების მიზნით, გორში, სკვერებისა და გამწვანების ზოლების მოსარწყავად ახალი სისტემა დამონტაჟდება. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით, მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა.
პროექტი, რომლის ღირებულება 508 130 ლარია, მაგისტრალური ქსელის მოწყობას და შიო მღვიმელის ქუჩაზე მდებარე ამორტიზებული სათავე-ნაგებობის რეაბილიტაციას ითვალისწინებს. ტენდერის პირობების თანახმად, სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვეში უნდა დასრულდეს.
ექსპლოატაციაში შესვლის შემდეგ კი, ახალი სარწყავი სისტემის მეშვეობით ახალბაღი, სტალინის ბაღი, ლომჭაბუკი, თეატრისა და ბარათაშვილის სკვერები და სტალინისა და აღმაშენებლის გამზირებზე არსებულ გამწვანების ზოლები იქნება წყლით უზრუნველყოფილი. ამავე სისტემის საშუალებით წყლით მომარაგდება, ქალაქში არსებული ხუთი შადრევანიც (სტალინის ბაღის, თეატრის სკვერის, ახალბაღის, იუსტიციის სახლის მიმდებარედ და შიოს წყაროსთან არსებული).