გორში მცხოვრებ 16 პირს შიდაიზოლაციაში ყოფნის რეკომენდაცია აქვს მიცემული. შიდაიზოლაციის რეჟიმის დამრღვევი ყველა პირი დაექვემდებარება საკარანტინო სივრცეში გადაყვანას, - ეს განცხადება გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა GMnews-თან საუბრისას გააკეთა.
,,რისკჯუფში მყოფ პირებზე გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს ინფორმაციას აწვდის დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი. რისკჯგუფში ითვლებიან ის პირები, რომლებიც ბოლო პერიოდში იმყოფებოდნენ იმ ქვეყნებში, სადაც გავრცელებულია ახალი კორონავირუსი ან რისკის შემცველი ქვეყნებიდან დაბრუნებულ პირებთან კონტაქტი ჰქონდათ. გორში, ამჟამად, 16 ასეთი პირის შესახებ გვაქვს ინფორმაცია. ყველა მათგანი იმყოფება შიდაიზოლაციის რეჟიმში. ორ პირთან დაკავშირებით საზოგადოებაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ისინი გადაადგილდებოდნენ გორში, ქუჩაში და გარკვეულ საფრთხეს უქმნიდნენ სხვა მოქალაქეებს. საკონტაქტო ინფორმაციების მოძიებაში ძალიან გვეხმარება პოლიციაც, აღნიშნულ პირებთან კონტაქტის დამყარება მოხერხდა და ორივე მათგანს - ქალსაც და ახალგაზრდა მამაკაცსაც მიეცა მკაცრი რეკომენდაცია, რომ არ დაარღვიონ შიდაიზოლაციის რეჟიმი, წინააღმდეგ შემთხვევაში, შიდაიზოლაციის დამრღვევი ყველა პირი დაექვემდებარება საკარანტინო სივრცეში გადაყვანას.
ასევე, მოვუწოდებ საზოგადოებას, თუ აქვთ ინფორმაცია, რომ პირი ბოლო პერიოდში იმყოფებოდა რისკის შემცველ ქვეყანაში, შესაძლოა, იგი არ იყოს ჩვენს ხელთ არსებულ სიაში და გვაცნობონ მათ შესახებ. ასევე, თუ აქვთ ინფორმაცია, რომ რისკჯუფში მყოფი პირი არ იცავს შიდაიზოლაციის რეკომენდაციას, აღნიშნულის თაობაზეც მოგვმართონ.
ასევე, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ამ დროისთვის, გორში, ახალი კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება“, - განაცხადა GMnews-თან საუბრისას ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა მარი გიუნაშვილმა.
გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს სამუშაო საათებში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ტელეფონის შემდეგ ნომერზე: (370) 27 46 85; ან მობილურზე: 599 26 04 27.