გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ დღეს, 1-ელ მაისს, რიტუალ „ჭიაკოკონობასთან“ დაკავშირებით, ნებისმიერი ტიპის ნარჩენის, მათ შორის, საბურავის, პლასტიკის მასალის, ფოთლების ღია წესით დაწვა აკრძალულია.
როგორც უწყებაში აცხადებენ, რიტუალის დროს ცეცხლის დასანთებად მოსახლეობა სხვადასხვა ტიპის მუნიციპალურ ნარჩენს იყენებს. ნარჩენების დაწვისას ტოქსიკური, კარცენოგენური ნივთიერებები და აირები გამოიყოფა, საფთხე ექმნება გარემოს და მოსახლეობის ჯანმრთელობას.
„ნარჩენების მართვის კოდექსის თანახმად, მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების - ფოთლების, ბაღის/პარკის ნარჩენების, საყოფაცხოვრებო ნარჩენების ღია წესით დაწვა გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით; ხოლო საბურავის, რეზინის და სხვა ელასტომერული მასალის ღია წესით დაწვის შემთხვევაში, სამართალდამრღვევს 1 500 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი „ჭიაკოკონობის“ ღამეს კონტროლს გაამკაცრებს და თითოეულ სამართალდარღვევაზე შესაბამის რეაგირებას მოახდენს“, - აცხადებენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.
შეგახსენებთ, „ჭიაკოკონობა“ - უძველესი ქართული რიტუალი და ცეცხლით განწმენდის დღეობაა, რომელიც დამყარებულია უძველეს წარმოდგენაზე ცეცხლის, როგორც ავი სულების საწინააღმდეგო და ყოველგვარი უწმინდურებისგან განმწმენდ ძალაზე. „ჭიაკოკონობა“ სხვადასხვა ხალხში წელიწადის სხვადასხვა დღეს აღინიშნებოდა.