საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირებისა და მიმდინარე პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, გორის სახელმწიფო საწავლო უნივერსიტეტში სწავლის პროცესი კვლავ შეჩერებულია.
უნივერსიტეტმა სასწავლო პროცესი ერთი კვირით შეაჩერა და ეს ვადა დღეს ამოიწურა, თუმცა, მინისტრის რეკომენდაციის საფუძველზე არდადეგების ვადა 16 მარტამდე გახანგრძლივდა.
„უნივერსიტეტში სწავლა ორი კვირის წინ განახლდა, თუმცა, არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, ერთი კვირით შეგვეჩერებინა სასწავლო პროცესი. ამ დროის განმავლობაში, დაგვერთო მინისტრის რეკომენდაციაც და ამის გათვალისწინებით სწავლის დაწყების დრო კიდევ ერთი კვირით, 16 მარტამდე გადაიდო. ბუნებრივია, ამ პერიოდში, ინტენსიურ რეეჟიმში მიმდინარეობს შენობის სანიტარულ-ჰიგიენური დამუშავებაც. ვნახოთ, როგორი მდგომარეობა იქნება 16 მარტისთვის, სწორედ მდგომარეობის გათვალისწინებით მივიღებთ ახალ გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა GMnews-თან საუბრისას გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პრორექტორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს განათლების სამინისტრომ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს პროფილაქტიკის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების რეკომენდაცია მისცა. ამასთან, მიხეილ ჩხენკელის თქმით, თუ ეს პროცესი გაზაფხულის სემესტრის დაწყების გადავადებას მოითხოვს, უნივერსიტეტებმა, საკუთარი ავტონომიის ფარგლებში, თავად უნდა განსაზღვრონ სწავლის დაწყების თარიღი.