საზოგადოება
29.04.2024 11:55
თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთშია შესაძლებელი

ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთშია შესაძლებელი.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის შემოვლითი ცხრაკილომეტრიანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის უკვე გაიხსნა და შემოვლითი გზის გავლას მხოლოდ ექვსი წუთი სჭირდება.

„ზესტაფონის შემოვლითი ცხრა კმ-იანი, ოთხზოლიანი ცემენტბეტონის გზა ოთხ გვირაბს და 11 ხიდს მოიცავს.

უკვე მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები ახალ მაგისტრალურ გზასთან მგზავრთა მომსახურების ცენტრის მოსაწყობად, სადაც გათვალისწინებული იქნება სივრცეები ზესტაფონის ტრადიციული სწრაფი კვების ობიექტებისთვის.

რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის ფარგლებში,  52 კმ-მდე გზა შენდება, რომელიც  97 ხიდს და 51 გვირაბს მოიცავს. ამ დროისთვის ავტოტრანსპორტისთვის უკვე გახსნილია 36 კმ გზა, აშენებულია 89 ხიდი და გაჭრილია 50 გვირაბი“, - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.
კვირის ამბები