საზოგადოება
26.04.2024 13:19
ახალგაზრდებში მოხალისეობის კულტურის პოპულარიზაციის მიზნით, გორში მოხალისეობის რეგიონული ფორუმი გაიმართა

შიდა ქართლის რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებში მოხალისეობის კულტურის პოპულარიზაციის მიზნით, მოხალისეობის რეგიონული ფორუმი გაიმართა.

ღონისძიება ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის - „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) და შიდა ქართლის რეგიონული ჰაბის - „საზოგადოება ბილიკის“ ორგანიზებით გაიმართა.

ფორუმის ფარგლებში, სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში,  შიდა ქართლის რეგიონში მოქმედი სათემო კავშირების და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობის ამსახველი გამოფენა-პრეზენტაცია მოეწყო. ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ისაუბრეს მათი საქმიანობის შესახებ და მოხალისეობით დაინტერესებულ პირებს მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართვა შესთავაზეს.

„ფორუმის მიზანი ახალგაზრდებში მოხალისეობის კულტურის პოპულარიზაცია, მოხალისეების მიმღებ ორგანიზაციებსა და მოხალისეობით დაინტერესებულ პირებს შორის კომუნიკაციის ხელშეწყობა, ასევე, მოსახლეობაში რეგიონული საზოგადოებრივი ორგანიზაციების ცნობადობის გაზრდა, მათი საქმიანობის, განხორციელებული პროექტების შესახებ რეგიონის მოსახლეობის ინფორმირება და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიმართ ნდობის ამაღლებაა. ღონისძიებაზე, ასევე, მოეწყო პარალელური სესიები: პანელური დისკუსია - „შიდა ქართლში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციების მოხალისეობრივი საქმიანობა პრაქტიკაში“ და შეხვედრა ახალგაზრდებთან თემაზე: „მოხალისეობის გამოწვევები და შესაძლებლობები საქართველოში“, - აცხადებენ „საზოგადოება ბილიკში“.

ღონისძიების ბოლოს საუკეთესო მოხალისეები დაჯილდოვდნენ.

 

კვირის ამბები