საზოგადოება
25.04.2024 11:44
ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების პროგრამა გორში დღეიდან დაიწყო

გორის მუნიციპალიტეტის მერია და ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების პროგრამას იწყებს.

ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების მოკლევადიან კურსზე მიღება დღეიდან უკვე დაიწყო.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, კურსი განკუთვნილია გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალებისთვის, რომლებსაც სურვილი აქვთ, ავტობუსის მძღოლის პროფესიას დაეუფლონ, ხოლო პროექტის მიზანი საქართველოს მუნიციპალურ სატრანსპორტო სექტორში თანაბარი შესაძლებლობების შექმნა და ინკლუზიური სატრანსპორტო მომსახურების ხელშეწყობაა.

რაც შეეხება პროექტში მონაწილეობას, შესაბამისი კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებად, მონაწილეებმა უნდა გაიარონ თეორიული და პრაქტიკული სწავლება. კურსის დასრულების შემდეგ, კანდიდატები ავტობუსის მძღოლის „D“ კატეგორიის მართვის უფლების მისაღებ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლასაც შეძლებენ.

„გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, „D“ კატეგორიის მართვის მოწმობის მქონე ქალებს შეეძლებათ დასაქმდნენ ავტობუსის მძღოლად როგორც კერძო, ასევე, საჯარო სატრანსპორტო კომპანიებში.

რეგისტრაცია შეუძლიათ გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 24 წლის ზემოთ ქალებს; გააჩნიათ „B“ კატეგორიის მართვის მოწმობა; აქვთ მსუბუქი ავტომობილის მართვის მინიმუმ ერთი წლის გამოცდილება“, - აცხადებენ გორის მერიაში.

პროგრამაში მონაწილეობისთვის მსურველმა რეგისტრაცია 15 მაისამდე უნდა გაიაროს გორის ტრანსპორტის სააგენტოში.

სწავლება 2024 წლის 20 მაისს დაიწყება და 15 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

ცნობისთვის, კურსი ხორციელდება „საქართველოს ურბანული ტრანსპორტის გაუმჯობესების გენდერული საკონსულტაციო მომსახურების პროგრამის“ ფარგლებში, EY საქართველოს დახმარებით და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით.

კვირის ამბები