საზოგადოება
20.04.2024 18:53
რთულია მშვიდობის, განვითარების, დეოკუპაციის, ევროპისკენ ინტეგრაციის გზაზე სიარული, მაგრამ სპეკულაციების მიუხედავად, ეს უნდა შევძლოთ - მამუკა მდინარაძე

ეს არის რეგიონი, რომელსაც მომიჯნავედ ოკუპაციის უბოროტესი შედეგები თავის თავზე აქვს თითოეულ ადამიანს გამოცდილი და კარგად ხვდებიან, რა გამოწვევის წინაშეა ქვეყანა, როდესაც მისი ტერიტორიების 20%-მდე ოკუპირებულია და რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მშვიდობით და განვითარებით ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა აღვადგინოთ, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გორში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ქვეყანას უნდა ჰქონდეს მიზნად ის, რომ მშვიდობით და სტაბილურობით შეძლოს დეოკუპაციის გზაზე სწორი სიარული.

„როგორც ყველა რეგიონში, აქაც ძალიან კარგი შეხვედრა იყო. შეხვედრებზე ძალიან ბევრი აქტუალური საკითხი დაისმება ხოლმე. ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი პარტიული აქტივი, როგორც ყოველთვის, ძალიან ადეკვატურია ამ მოვლენების მიმართ და სწორად აფასებენ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ეს არის რეგიონი, რომელსაც მომიჯნავედ ოკუპაციის უბოროტესი შედეგები თავის თავზე აქვს თითოეულ ადამიანს გამოცდილი და კარგად ხვდებიან, რა გამოწვევის წინაშეა ქვეყანა, როდესაც მისი ტერიტორიების 20%-მდე ოკუპირებულია და რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მშვიდობით და განვითარებით ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა აღვადგინოთ, ჩვენი ხალხი დავიბრუნოთ და რომ ერთადერთი გზა, რაც ოკუპაციის წინააღმდეგ შეიძლება დასახოს ჩვენნაირმა ქვეყანამ, ეს არის განვითარება, მეტი პროგრესი, მეტი ევროპულობა და ამ განვითარების და ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობის პარალელურად, ჩვენ უნდა გვქონდეს მიზნად ის, რომ მშვიდობით და სტაბილურობით შევძლოთ ამ გზაზე სწორი სიარული. ეს არის ჩვენი მესიჯი ჩვენი დების და ძმების მიმართ, რომლებიც აქ, ძალიან ახლოს ცხოვრობენ და ყველა სხვა მესიჯი არის დამაზიანებელი და მტრული ამ ქვეყნისთვის.

ერთადერთი გზაა განვითარება, მშვიდობა, სტაბილურობა, ევროპულობა, ოღონდ ჭეშმარიტი ევროპულობა, მოგონილი და დეკლარირებული კი არა, ჭეშმარიტი, რეალური ევროპულობა, რაც არის უალტერნატივო და ამ გზაზე სიარული ჩვენ მოგვიტანს ქვეყნის გაერთიანებას. მარტივი არ არის, ხალხმა ეს ძალიან კარგად იცის და დღევანდელ შეხვედრაზეც ეს კარგად გამოჩნდა, რომ მარტივი არ არის ამ გზაზე - ევროპისკენ ინტეგრაციაზე, მშვიდობის გზაზე, განვითარების გზაზე, დეოკუპაციის გზაზე ერთად, ცალ-ცალკე შეიძლება უფრო მარტივი იყოს რაღაცები, მაგრამ ერთად ამ გზებზე სიარული ისე, რომ არცერთგან პრობლემა არ შეგექმნას, საბოლოო ჯამში, სპეკულაციების და თავდასხმების მიუხედავად, რაც გვაქვს ქვეყნის შიგნიდანაც კი, რთულია ამ გზაზე სიარული, მაგრამ ეს უნდა შევძლოთ, ყველაფერი ერთობლიობაში ასე განვახორციელოთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და პარტიის ლიდერები გორში ადგილობრივი ოარგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიის წევრებს შეხვდნენ. შეხვედრები საქართველოს რეგიონებში 2 მარტს დაიწყო. შიდა ქართლის გარდა, აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში გაიმართა.

100 დღის განმავლობაში, ირაკლი ღარიბაშვილი ,,ქართული ოცნების“ ლიდერებთან ერთად, პარტიულ აქტივს 10 რეგიონში შეხვდება.

კვირის ამბები