სპორტი
19.04.2024 10:57
გორში პარიზის ოლიმპიური თამაშებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

გორი 2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშებისთვის აქტიურად ემზადება. გორის სპორტის სასახელში ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

აქტივობის ფარგლებში, ცნობილმა გორელმა სპორტსმენებმა ხვადასხვა ოლიმპიურ სახეობაში (ძიუდო, თავისუფალი ჭიდაობა, კრივი, ძალოსნობა, კალათბურთი, ფეხბურთი) მასტერკლასები ჩაატარეს.

გარდა ამისა, ოლიმპიური თამაშების შესახებ ვიქტორინაც გაიმართა, სადაც პატარა სპორტსმენები ჩაერთნენ. გამარჯვებულებს სპორტული ინვენტარი და წიგნები სპორტსმენებმა და სპორტული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გადასცეს. მაისურები, ბლოკნოტები და კალმები გამარჯვებულებს საფრანგეთის ელჩმაც გადასცა.

მასტერკლასებთან და ვიქტორინასთან ერთად, ღონისძიებაზე სპორტის ცნობილმა ოსტატებმა ისაუბრეს გორზე, როგორც სპორტული წარმატებებით ცნობილ ქალაქზე.

აქტივობა გორის მუნიციპალიტეტის მერიის და საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ორგანიზებით ჩატარდა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან და სპორტსმენებთან ერთად, საპატიო სტუმარი საფრანგეთის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში შერაზ გასრი დაესწრო.

საფრანგეთის ელჩს ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა მეგობრობის და გორში სპორტის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელი გადასცა.

ცნობისთვის, გორელი სპორტსმენები ოლიმპიურ თამაშებზე 1972 წლიდან მონაწილეობენ. დღემდე მათ სახელზე სამი - ოქროს, ექვსი - ვერცხლის და შვიდი ბრინჯაოს მედალია. 2024 წლის ოლიმპიადის საგზური ამ დროისათვის 2 გორელ სპორტსმენს აქვს მოპოვებული.

 

კვირის ამბები