საზოგადოება
17.04.2024 14:56
საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მიიღო
საქართველოს პარლამენტმა, პირველი მოსმენით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მიიღო.
კანონპროექტს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა.
ფრაქცია ,,ქართული ოცნების" მიერ ინიცირებული კანონი, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა - 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული. კანონის მიხედვით, ყველა ორგანიზაცია, რომლის შემოსავლის მოცულობის 20%-ზე მეტი სხვა ქვეყნიდან ფინანსდება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. ამავდროულად, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ.
ცნობისთვის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის კენჭისყრას სამდღიანი ხმაურიანი საკომიტეტო და სასესიო განხილვა უძღვოდა წინ. პარალელურად, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე არასმთავრობო სექტორის, ოპოზიციური პარტიების და საზოგადოების წარმომადგენლები საპროტესტო აქციებს მართავდნენ.
კვირის ამბები