თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალის საკარანტინო სივრცეში ამჟამად 21 პაციენტია მოთავსებული. არცერთ მათგანს არ დაუდასტურდა ვირუსით ინფიცირება - ეს განცხადება გორის სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორმა დავით ბარლიანმა ცოტა ხნის წინ გამართულ ყოველდღიურ ბრიფინგზე გააკეთა.
,,საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 21 პაციენტი. აქედან 4 გახლავთ სამხედრო მოსამსახურე, ირანის 5 მოქალაქე და 12 საქართველოს მოქალაქე. ყველა მათგანი იმყოფება დაკვირვების ქვეშ. ჩატარებული ანალიზების პასუხები უარყოფითია, ანუ გორის სამხედრო ჰოსპიტალის საკარანტინო სივრცეში მოთავსებულ არცერთ პირზე არ დადასტურდა ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა“, - განაცხადა ბარლიანმა.
გორის სამხედრო ჰოსპიტალში საკარანტინო სივრცე 1-ლი მარტიდან მოქმედებს. ჰოსპიტალი სხვა პაციენტებს - სამხედრო და სამოქალაქო პირებს არ იღებს.