სპორტი
20.03.2024 13:30
ხელბურთში სასკოლო სპორტული ოლიმპიადის რეგიონული ეტაპის შეხვედრები დასრულდა - გამარჯვებულები გორის გუნდები გახდნენ

გორის პირველი საჯარო სკოლის გუნდი და ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიის გუნდი ხელბურთში სასკოლო სპორტული ოლიმპიადის რეგიონული ეტაპის გამარჯვებულია.

ფინალური შეხვედრები, გოგონებსა და ვაჟებს შორის, შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის დარბაზში ჩატარდა.

ვაჟთა შორის პირველობისთვის ერთმანეთს გორის პირველი და სურამის საჯარო სკოლის გუნდები დაუპირისპირდნენ. შეხვედრა გორელთა სასარგებლოდ, ანგარიშით 22:16 დასრულდა.

რაც შეეხება გოგონებს, გამარჯვებული ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიის გუნდი გახდა, რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში სურამის გუნდი ანგარიშით 20:9 დაამარცხა.

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა საქართველოს სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ეგიდითტარდება. გორის მუნიციპალიტეტში სპორტული ღონისძიებების ორგანიზატორი სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოა.

„ოლიმპიადის დებულების მიხედვით, ჯერ მუნიციპალური, შემდეგ რეგიონული, ზონალური (აღმოსავლეთი და დასავლეთი), ბოლოს კი დასკვნითი ფინალური შეხვედრები ტარდება. შესაბამისად, შიდა ქართლში, რეგიონულ ეტაპზე გამარჯვებული გუნდები ზონალურ ეტაპზეიასპარეზებენ, სადაც გაირკვევა აღმოსავლეთ საქართველოს საუკეთესო გუნდი“, - აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კვირის ამბები