საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ კონკურსი -„დოკუმენტური/სამეცნიერო-პოპულარული კინოს ხელშეწყობა“ გამოაცხადა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, წლევანდელი კონკურსის ბიუჯეტი 100 000 ლარია მიზანი კი სამეცნიერო-პოპულარული დოკუმენტური კინოს განვითარების მხარდაჭერა და თავისუფალი ხელოვანების/კერძო სტუდიების შემოქმედებითი პროცესის წახალისებაა.
„კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს და ინდივიდუალურ მეწარმეებს. თითოეულ კონკურსანტს შეუძლია მხოლოდ ერთი საპროექტო განაცხადის წარდგენა. შესაძლოა, უპირატესობა მიენიჭოს პროექტს, რომლის წარმდგენ კონკურსანტს აქვს დოკუმენტურ/სამეცნიერო-პოპულარულ კინოში მუშაობის გამოცდილება; რომელიც წარადგენს მაღალი ვიზუალურ-მხატვრული დონის ნამუშევარს სხვადასხვა ხერხის, მათ შორის - თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით“, - აცხადებენ სამინისტროში.
რაც შეეხება კონკურსში მონაწილეობის ვადებს, საკონკურსო განაცხადების მიიღება დღეიდან, 12 მარტიდან 21 მარტის 12:00 საათამდე სამინისტროში, შემდეგ მისამართზეა შესაძლებელი: თბილისი, სანაპიროს ქ. N4, ნაბეჭდი სახით, ან სამინისტროს ოფიციალური ელექტრონული ფოსტით - info @ culture. gov. ge, ელექტრონული დოკუმენტის სახით.
კონსულტაციების მიღება კი შესაძლებელია სამინისტროს ცხელი ხაზის საშუალებით ტელ.: 032 2 022229 ან 577 27 00 73 (სამუშაო საათების განმავლობაში).
ცნობისთვის, 2021 წელს, ამავე კონკურსის ფარგლებში, 31 საკონკურსო განაცხადიდან ექვსი გამარჯვებული პროექტი (ბიუჯეტი 120 000 ლარი) დაფინანსდა. 2022 წელს საკონკურსო ბიუჯეტი იყო 110 000 ლარი და 24 საკონკურსო ნამუშევრიდან გაიმარჯვა ხუთმა პროექტმა, ხოლო 2023 წელს კონკურსის ბიუჯეტი იყო 100 000 ლარი და 21 საკონკურსო პროექტიდან ხუთი პროექტი დაფინანსდა.