საზოგადოება
01.02.2024 14:40
პარლამენტის თავმჯდომარე, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი, პროფესორი, არაერთი სახელმძღვანელოს ავტორი - ირაკლი კობახიძის ბიოგრაფია

მმართველმა პარტიამ პრემიერ-მინისტრის კანდიდატურად ირაკლი კობახიძე დაასახელა. კონსტიტუციის თანახმად, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურის წარდგენის უფლებამოსილება არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პარტიას გააჩნია, ამ შემთხვევაში - ,,ქართულ ოცნებას“.

პარლამენტს ორი კვირის ვადა აქვს იმისთვის, რომ პრემიერ-მინისტრობის ახალ კანდიდატს და მის მიერ წარდგენილ სამთავრობო გუნდს ნდობა გამოუცხადოს.

ირაკლი კობახიძე 1978 წლის 25 სექტემბერს დაიბადა. 1995–2000 წლებში იურიდიული განათლება მიიღო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, აგრეთვე გერმანიაში, დიუსელდორფის უნივერსიტეტში 2002–2006 წლებში, სადაც მიენიჭა სამართლის მაგისტრისა (LL.M.) და სამართლის დოქტორის (Dr. iur.) აკადემიური ხარისხი. გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ, მუშაობდა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და უნივერსიტეტებში. იკავებდა ექსპერტულ და მენეჯერულ თანამდებობებს გაეროს განვითარების პროგრამაში, აგრეთვე აკადემიურ თანამდებობებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კავკასიის უნივერსიტეტში, [4] 2000–2001 წლებში შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საზოგადოებრივი განათლების პროექტის რეგიონული კოორდინატორი. 2006–2014 წლებში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის ექსპერტი და პროექტის მენეჯერი. 2009 წელს გამოიცა კობახიძის მხატვრული ნაწარმოები „დაბრუნება ტერანუოვაში“.

2015 წელს „ქართულ ოცნებაში“ აღმასრულებელი მდივნის თანამდებობის დაკავების შემდეგ, ირაკლი კობახიძემ პარტიის გენერალურ მდივანთან, კახა კალაძესთან ერთად, განახორციელა შიდაპარტიული რეფორმები. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ირაკლი კობახიძე იყო პარტიის საარჩევნო შტაბის უფროსის მოადგილე, ხოლო 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე - საარჩევნო შტაბის უფროსი. 2016–2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი - „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“. 2016 წლის 18 ნოემბერს ირაკლი კობახიძე 118 ხმით 3-ის წინააღმდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს. 2017–2018 წლებში ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით განხორციელდა ფართომასშტაბიანი საკონსტიტუციო რეფორმა.

 2017 წლის ნოემბერში მიენიჭა ბელარუსის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო პროფესორის წოდება.

ირაკლი კობახიძის თავმჯდომარეობის პერიოდში შეიქმნა საქართველო-უკრაინა-მოლდოვისა და საქართველო-პოლონეთის საპარლამენტო ასამბლეები, დაიდო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებები სხვადასხვა პარტნიორი ქვეყნის პარლამენტთან. 2017 წლის 18 დეკემბერს ირაკლი კობახიძემ პოლონეთის სეიმის მარშალი მარეკ კუჩინსკისთან და სენატის მარშალ სტანისლავ კარჩევსკისთან ერთად ხელი მოაწერა შეთანხმებას საქართველოს პარლამენტს, პოლონეთის სეიმსა და სენატს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ. 2018 წლის 16 იანვარს საქართველოს პარლამენტსა და ლატვიის სეიმს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელს ირაკლი კობახიძე და ლატვიის სეიმის თავმჯდომარე ინარა მურნიეცე აწერენ. 2018 წლის 22 იანვარს საქართველოს პარლამენტსა და უზბეკეთის ოლიი მაჯლისს შორის საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 2019 წლის 28 მარტს საქართველოსა და სერბეთის პარლამენტებს შორის პარტნიორობის ხელშეკრულება გაფორმდა. დოკუმენტს ხელი ირაკლი კობახიძემ და სერბეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, მაია გოიკოვიჩმა მოაწერეს ხელი.

მისი ინიციატივით პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზს ზვიად გამსახურდიას სახელი მიენიჭა.

2019 წლის 21 ივნისს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც მართლმადიდებელი ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეის სესიის ჩატარებისას, რუსმა დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა. ამის შემდეგ ის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერად აირჩიეს.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ირაკლი კობახიძე „ქართული ოცნების“ პროპორციული სიის მე-3-ე ნომრად დასახელდა. არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი, აგრეთვე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი.

2021 წლის იანვარში, მას შემდეგ, რაც ქართული ოცნების დამფუძნებელი და თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა, კობახიძე აირჩიეს „ქართული ოცნების“ ახალ თავმჯდომარედ.

კობახიძე ხელმძღვანელობდა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების და 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების დროს. იყო ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრი.

კობახიძის თავმჯდომარეობის პერიოდში დაფუძნდა „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაცია.

2023 წლის 29 იანვარს კობახიძეს ქართულ-ბასკური მეგობრობის გაღრმავებისთვის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვისთვის ბილბაოში საბინო არანას ფონდის უმაღლესი ჯილდო გადაეცა.

ირაკლი კობახიძე არის ორი სახელმძღვანელოსა და ათზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

ჰყავს მეუღლე - ნატალია მოწონელიძე და ორი შვილი. კობახიძე ფლობს ქართულ, გერმანულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.

კვირის ამბები