საქართველოში კორონავირუსის პირველ დადასტურებულ შემთხვევასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრმა საგანგებო ბრიფინგი გამართა.
ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან გუშინ შემოვიდა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, აღნიშნულ პაციენტს სამჯერ ჩაუტარდა სპეციალური კვლევა და სამჯერვე დადასტურდა ახალი კორონავირუსის შემთხვევა.
,,იმისთვის რომ დარწმუნებულები ვყოფილიყავით, 3-ჯერ გავიმეორეთ რეაქცია სხვადასხვა წარმოების რეაგენტებით და სამივე შემთხვევაში გვაქვს ერთი და იგივე პასუხი - საქართველოში კორონავირუსული ინფექციის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. საქართველოს მოქალაქე 50 წლის მამაკაცია, რომელიც მეგობართან ერთად ერთი კვირის განმავლობაში მოგზაურობდა ირანში პირად საქმეებზე და საქართველოში დაბრუნდა გუშინ. მას საზღვარზე დაუფიქსირდა სიმპტომები, რის გამოც გადაყვანილ იქნა ცენტრალურ ინფექციურ საავადმყოფოში",- განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორმა.
,,ყველა უწყება 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ იმისთვის, რომ პრევენციული ღონისძიებების ხარისხიანი გატარების შედეგადაც ჩვენს ქვეყანაში არ აღმოჩნდეს კორონავირუსის ეპიდაფეთქება“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
დღეს საღამოსვე, პრემიერ გახარიას ხელმძღვანელობით შექმნილი საგანგებო უწყებათაშორისი საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საჰაერო მიმოსვლასთან ერთად, ირანიდან სახმელეთო საზღვარზე გადაადგილებაც შეიზღუდოს.