ჩვენ გვაქვს ყველა ღონისძიება გატარებული, რაც ჩვენი მოსახლეობისთვის საფრთხის გავრცელების რისკს მნიშვნელოვნად შეამცირებს - ეს განცხადება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ახალი კორონავირუსის საქართველოში გავრცელების რისკებთან დაკავშირებით გორში ყოფნისას გააკეთა.
„ამ ეტაპზე მიმდინარეობს ახალ სუბიექტებზე დაკვირვების პროცესი, თუმცა, საფრთხე გამოვლენილი არ არის, ლუგარის ლაბორატორია ყოველდღიურ რეჟიმში აკეთებს განცხადებას მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. მე მყავს პირად კონტროლზე აყვანილი ეს პროცესი, ჩვენ და ყველა უწყება ერთობლივად ვმუშაობთ, საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად არის ჩართული, ასევე, სასაზღვრო დეპარტამენტი და გვაქვს აბსოლუტურად ყველა ინფორმაცია შემომავალ მგზავრებზეც და მათზეც, ვინც იმყოფებიან დაკვირვების პროცესში. საფრთხის რისკი, რა თქმა უნდა, მომატებულია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ გვაქვს ყველა ღონისძიება უკვე გატარებული, რაც ჩვენი მოსახლეობისთვის საფრთხის გავრცელების რისკს მნიშვნელოვნად შეამცირებს. რაც შეეხება პრევენციულ ღონისძიებებს, დამატებითი რეგულაციები, რაც ამ ეტაპისთვის იყო საჭირო, უკვე შემოვიღეთ, თუ საჭირო გახდება, კიდევ უფრო გამკაცრდება სასაზღვრო ზონის დაცვა, რა თქმა უნდა, ამისთვისაც მზად ვართ”, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.