რეგიონი
26.02.2020 16:51
ცნობილი უკრაინელი პოეტისა და მწერლის - ლესია უკრაინკას სახლ-მუზეუმს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
შიდა ქართლის ტურისტული ობიექტების ნუსხას კიდევ ერთი განახლებული სივრცე შეემატება. უცხოელ და ადგილობრივ ვიზიტორებს, სურამში, მალე, ცნობილი უკრაინელი პოეტისა და მწერლის - ლესია უკრაინკას რეაბილიტირებული სახლ-მუზეუმი უმასპინძლებს. პროექტი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით დაიგეგმა და რამდენიმე ეტაპად განხორციელდება. პროექტის პირველი ეტაპი სამუზეუმო სივრცის დემონტაჟს ითვალისწინებს. დაბა სურამში, წინასარეაბილიტაციო მზადების პროცესს შიდა ქართლის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული გიგი ხოჯევანიშვილი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე, უკრაინის სრულუფლებიან ელჩთან, იგორ დოლგოვთან ერთად გაეცნენ. „რეკონსტრუქციის შედეგად განახლდება სახლ-მუზეუმის ეზოს ინფრასტრუქტურა. თანამედროვე სტანდარტებით მოეწყობა სამუზეუმო სივრცე, რომელიც ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის. ასევე, განახლდება მუზეუმის გალავანი. საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად, მოეწყობა ფონდსაცავები. სამუზეუმო ექსპოზიცია სახლ-მუზეუმის თანამედოვე მუზეოგრაფიის კონცეფციას დაექვემდებარება, რაც მას მეტ შინაარსობრივ დატვირთვას შესძენს“, - ნათქვამია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ცნობილი უკრაინელი მწერლის სახელობის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია 2021 წელს დასრულდება.
კვირის ამბები