საზოგადოება
26.02.2020 16:48
ძველი საბურავების გადაყრისთვის შესაძლოა 2000 ლარით დაჯარიმდეთ - გარემოს დანაგვიანებისთვის ფულადი ჯარიმები იზრდება

საქართველოში ნარჩენების მართვის სფეროში ჩადენილ გადაცდომებზე ფულადი ჯარიმები იზრდება. შესაბამისი ცვლილებები „ნარჩენების მართვის კოდექსში“ შედის, რომლის ინიციატორები დეპუტატები გოგა გულორდავა და სულხან მახათაძე არიან. „პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როდესაც არსებული ჯარიმების მიუხედავად, ფიზიკური/იურიდიული პირები გარემოს სხვადასხვა ტიპის ნარჩენით მაინც ანაგვიანებენ და არსებული რეგულაციების ფონზე, დამრღვევი პირები  დადგენილ ჯარიმებს არ ერიდებიან. ამიტომაც, ამ პრობლემის აღმოფხვრის ეფექტური გზა დაწესებული ჯარიმების გონივრულ რაოდენობამდე გაზრდაა. კანონპროექტის ახალი რედაქციის თანახმად, ხუთ ერთეულამდე საბურავით (გარდა ველოსიპედის საბურავისა) გარემოს დანაგვიანება გამოიწვევს პირის დაჯარიმებას – 150 ლარის ნაცვლად, 500 ლარის ოდენობით; ხუთი ერთეული ან ხუთ ერთეულზე მეტი საბურავით (გარდა ველოსიპედის საბურავისა) გარემოს დანაგვიანება გამოიწვევს პირის დაჯარიმებას – 500 ლარის ნაცვლად, გაოთხმაგებული – 2000 ლარის ოდენობით“, - განმარტავენ კანონპროექტის ინიციატორები.

„ნარჩენების მართვის კოდექსის“  ახლადშემუშავებულ კანონპროექტში ასევე, მითითებულია,  რომ ორ კგ-მდე ბატარეის, აკუმულატორის, ელექტრონათურის, ელექტროსაქონლის, გრაფიტის ელექტროდის, ბასრი ან მჩხვლეტავი საგნის (მათ შორის, შუშის ნამსხვრევის, ლურსმნის ან სხვა მსგავსი საგნის) ნარჩენით გარემოს დანაგვიანებისთვის სამართალდამრღვევი პირი, 100 ლარის ნაცვლად, 500 ლარით დაჯარიმდება.

კვირის ამბები