სამართალი
07.07.2022 22:30
ავტობანის გორი-ქარელის მონაკვეთზე მომხდარი ავარიის შედეგად 27 წლის ორსული დაშავდა

ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალის გორი-ქარელის მონაკვეთზე მომხდარი ავარიის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. დაშავებულთა ნაწილს სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა ადგილზე გაუწიეს ამბულატორიული დახმარება, ერთ-ერთი კი, ბელარუსის მოქალაქე, 27 წლის ორსული ქალი გორში, კლინიკა ,,გორმედში" გადაიყვანეს.

,,გორმედის“ ქსელის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრ ,,იავნანას“ მეან-გინეკოლოგის, ვასიკო სიმონიას განცხადებით, პაციენტს, რომელიც 26 კვირის ორსულია, უტარდება ყველა საჭირო კვლევა, ამ ეტაპზე, ორსულის და ნაყოფის მდგომარეობა სტაბილურია.

შემთხვევა სოფელ რუისთან მოხდა, ავტომანქანას, რომელსაც საწვავი გამოელია და მძღოლმა გზის სავალი ნაწილიდან გადაიყვანა და გააჩერა, ავტობანზე მოძრავი სხვა ავტომობილი დაეჯახა.

როგორც დაშავებულმა ორსულმა ,,გორის მაცნეს“ განუცხადა, იმ ავტომობილის მძღოლი, რომელიც გზის სავალი ნაწილიდან გადასულ მათ სატრანსპორტო საშუალებას დაეჯახა, სავარაუდოდ, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

კვირის ამბები